მომხმარებელთა ლოიალურობა და მისი ფორმირების პროცესი
Main Article Content
ანოტაცია
მომხმარებელთა ლოიალურობა წარმოადგენს კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტუალურ მიმართულებას სამომხმარებლო ქცევის ფსიქოლოგიაში.
თანამედროვე ავტორები, რომელთა შესწავლის საგანს წარმოადგენს სამომხმარებლო ლოიალურობა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ლოიალურობის ფორმირების ძირითად ფსიქოლოგიურ მექანიზმებს.
მომხმარებლის ლოიალურობა ფორმირდება თანდათანობით, საქონელთან ურთიერთობის ყველა ეტაპის გავლით. მომხმარებლის ლოიალურობის ფორმირების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოადგენს საქონლის მოხმარება და ყიდვის შემდგომი შეფასება. აღნიშნულ სტადიებზე მომხმარებლის
ფსიქოლოგიური თავისებურებების განხილვისას აუცილებელია განხილული იქნეს კმაყოფილების/ინტენსიურობის პრობლემა, რომელსაც ემყარება მომხმარებლის ლოიალურობის ფორმიების წინაპირობები.
ლოიალურობა წარმოიშვება იმ მომენტში, როცა საქონელი ხდება თავისი ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით მნიშვნელოვანი და წარმოიშვება ემოციური კავშირი მომხმარებელსა და საქონელს შორის. ძირითადი ფაქტორების სახით შეიძლება გამოიყოს კმაყოფილება, ფასი, მომხმარებლის ემოცია, მოლოდინთან შესაბამისობა და მოხმარების შედეგი, ხოლო ლოიალურობის ნიშნების სახით – მომხმარებლის განმეორებითი მიმართვის განხორციელება იმავე საქონელზე.
მომხმარებლის ლოიალურობის ფორმირება არ ხდება სპონტანურად, ის გადის მომხმარებლის საქონელთან ურთიერთმოქმედების გარკვეულ ეტაპებს და ყურადღების აქცენტირება ხდება სიტუაციურ ფაქტორებზე, საქონლის მახასიათებლებზე და მომხმარებლის პიროვნულ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე.
მაშასადამე, მომხმარებლის ქცევა წარმოგვიდგება, როგორც ყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პროცესი, რომელიც უპირატესად აღწერილობითი პროცესია და არ არის გამოხატული სისტემურ დონეზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, ჩვენი შეხედულებით წარმოადგენს მოხმარების შიგა და გარე პირობების შედეგების დამუშავებისადმი არასათანადო მიდგომა.