კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, ლეგენდები – კულტურული და მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის
Main Article Content
ანოტაცია
კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, ლეგენდები გახლავთ ის მნიშვნელოვანი ერთობლიობა, რაც ქმნის ერთიან ხედვას თანამედროვე პირობებში მდგრადი კულტურული ტურიზმის განსავითარებლად.
მდგრადი ტურიზმის ხელშემწყობი ფაქტორი ბევრია, მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, ლეგენდების მიმართულებები, რაც ასაზრდოებს და სანახაობრივთან ერთად ემოციურ მუხტს აძლევს ტურიზმის განვითარების პერსპექტივას. ამ თვალსაზრისით, გვინდა შევეხოთ დედოფლისწყაროს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორიცაა ხორნაბუჯის ციხე, მისი წარმომავლობის ისტორია და იქ დატრიალებული ისტორიული რეალიები მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ასევე, ამ ამბებთან დაკავშირებული ლეგენდაც, რაც, თავის მხრივ, სულ სხვა დატვირთვას აძლევს ხსენებულ ძეგლს და კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის საინტერესო საფუძველს ქმნის, როგორც სამომავლო კულტურული ტურიზმის პროდუქტი.
საინტერესო ურთიერთმიმართებაა ლეგენდასა და ოფიციალურ ისტორიას შორის, უფრო მეტად საინტერესოა დაპირისპირების ძირითადი მიზეზი და ასევე, ნამდვილი სურათი, კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ ხელოვანები დაინტერესდნენ და ვიზუალური დატვირთვა მისცენ ამ სიუჟეტს. აქ რამდენიმე ისტორიული ფიგურის ცხოვრება და მოღვაწეობაა გაშლილი: დავით ულუ, ჯიგდა-ხათუნი, მესტუმრე ჯიქური, თორღვა პანკელი. ყველა მათგანი ისტორიკოსების, მწერლებისა და სახალხო მთქმელების, ანუ ზეპირი მეისტორიეების ყურადღების ცენტრშია და სხვადასხვანაირად არიან შეფასებულნი.
ამგვარად, სახეზეა უდავოდ საინტერესო კულტურული მემკვიდრეობა თავისი ლეგენდითა და ისტორიით, რაც კარგად ერწყმის კულტურული ტურიზმისა და, ზოგადად, მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის კონცეფციას. შესაძლოა, ამ მაგალითმა საფუძველი
ჩაუყაროს ტურიზმში ასეთ მიმართულებას, რაც სხვა ძეგლებზეც აისახება და შესძენს უფრო მეტ სახალისო და ვიზუალურ დატვირთვას.