ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით
Main Article Content
ანოტაცია
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სენსიტიურ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებისათვის. იგი გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და არ გააჩნია სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ გეოგრაფიული საზღვრები. მიუხედავად მისი გავრცელებისა, ძალადობა ოჯახში ხშირად ფარულია და მსხვერპლნი დუმილს ამჯობინებენ სირცხვილისა და შიშის გამო. განსაკუთრებით ხშირია ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს, განსაკუთრებული როლი აკისრია ამ პრობლემის პრევენციისა და აღმოფხვრის პროცესში.
ნაშრომის ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა – ის წარმოადგენს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ და სოციალური პოლიტიკის გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო მოიცავს ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლის დაცვისა და რეაგირების მექანიზმებს, პრაქტიკაში ეს მექანიზმები ხშირად არ ფუნქციონირებს ეფექტიანად. მიზეზებად სახელდება ინსტიტუციური კოორდინაციის სისუსტე, რესურსების დეფიციტი და საზოგადოების მიერ ძალადობის პრობლემის არასათანადო აღქმა.
საომარი კონტექსტების (აფხაზეთის ომი, უკრაინა) ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური ძალადობა ხშირად მიზანმიმართული და სისტემურია და გამოიყენება, როგორც ომის იარაღი. აღნიშნული დანაშაულები, მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებებისა, საქართველოში ძირითადად დაუსჯელი რჩება, რაც არღვევს მსხვერპლთა უფლებებს და ამცირებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ხარისხს.
კანონმდებლობის ეფექტური რეალიზაციისთვის საჭირო ხდება სისტემური პრევენცია, რაც გულისხმობს განათლებას, ინსტიტუციური უნარების გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ მკაფიო რეაგირება და უფლებადარღვევებზე სისტემური პასუხის გაცემა სახელმწიფოს ვალდებულებაა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.