სამხედრო ატაშეს ინსტიტუტი, როგორც სამხედრო დიპლომატიის განხორციელების მექანიზმი
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენს ნაშრომში ვაყალიბებთ არგუმენტებს და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ ვცდილობთ ხაზი გაუსვათ სამხედრო დიპლომატიის მნიშვნელობას. სამხედრო დიპლომატიის განხორციელების მნიშვნელოვან მექანიზმს, სამხედრო ატაშეს ინსტიტუტი წარმოადგენს. სამხედრო დიპლომატიის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და განვითარებული ტენდენციების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ატაშეების როლი საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.
ცივი ომის დასრულების შემდგომ, ევროპის ქვეყნებში სამხედრო დიპლომატიის მიზნებმა და ამოცანებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, შესაბამისად, სამხედრო ატაშეს ინსტიტუტის მიმართ მიდგომები შეიცვალა. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მიერ წარგზავნილი ატაშეების საქმიანობა განსხვავებულად წარმოჩნდა. ატაშეების საქმიანობა ფოკუსირებული გახდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისათვის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისა და თავსებადობის მიღწევის მიმართულებით. სამხედრო ატაშეს თანამდებობა ბევრ ქვეყანაში თავდაცვის ატაშეს თანამდებობით შეიცვალა და უმრავლესი ქვეყნების სტარტეგიულ დოკუმენტებში სამხედრო დიპლომატია თავდაცვის დიპლომატიამ ჩაანაცვლა. ასეთი ცვლილება, მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს ამ ინსტიტუტის მიმართ არსებულ მიდგომებზე, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შემდგომში ტერმინების ,,სამხედრო ატაშე“ და ,,სამხედრო დიპლომატია’’ გამოყენება ბევრი მიზეზის გამო უფრო
რელევანტური იქნება.
ნაშრომში წარმოდგენილია საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეების საქმიანობის თავისებურებები, რაც, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს სამხედრო დიპლომატიის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს და რომელიც მოწოდებულია ქვეყნის საგარეო ინტერესების დაცვისაკენ. სამხედრო დიპლომატია ხელს უწყობს, როგორც ქვეყნებს შორის უსაფრთხო, სტაბილურ და წარმატებული გარემოს შექმნას, ასევე ნდობის აღდგენასა და გამტკიცებას როგორც მეგობრულ, აგრეთვე დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის. ამ მიმართულებით სამხედრო ატაშეს როლი ძალზე მნიშვნელოვანია, ამასთანავე რთული და მრავალფეროვანია, იგი მოითხოვს სამხედრო ატაშესაგან მეტ ინიციატივასა და შემოქმედებითობას, რომელიც ატაშეს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს მუდმივ განვითარებას.