კეთილსინდისიერი შემძენის მიერ არაუფლებამოსილი პირის მიერ მასზე გასხვისებული ნივთის შეძენისას წარმოშობილი პრობლემების შესახებ (სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე)
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განსახილველ პრობლემას აქვს სამი უკიდურესი გადაწყვეტა: დააკისროს ყველა რისკი შესაძლო შეცდომასთან დაკავშირებით მესაკუთრეს, ასევე, დააკისროს ყველა რისკი მყიდველს, და ბოლოს, აღმოფხვრას ყველა რისკი რეგისტრაციის სისტემისა და აღრიცხვის დახმარებით, ყველა უფლება გახდეს აშკარა და შემოწმებადი.
ვინდიკაციის შეზღუდვის წესის მოქმედება დაკავშირებულია მთელი რიგი გარემოებების არსებობასთან: 1) შემძენი კეთილსინდისიერია: გულისხმობს კეთილსინდისიერებას გამსხვისებლის, როგორც მესაკუთრის მდგომარეობასთან მიმართებით. აღნიშნული მოძრავ ნივთთან დაკავშირებით გულისხმობს, გამსხვისებლის მიერ ნივთის ფლობას, ხოლო უძრავთან – მისი, როგორც მესაკუთრის დაფიქსირებას მარეგისტრირებელ ორგანოში; 2) ნივთის გამსხვისებელსა და შემძენს შორის დადებულია გარიგება, რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების გადაცემისკენ; 3) გარიგება სასყიდლიანია; 4) შემძენს, ფაქტობრივად, გადაცემული აქვს ნივთი, რომელიც არ არის ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაში შეზღუდული; 5) ნივთი გამოსულია მართლზომიერი მფლობელის ხელიდან მისი ნებით.
აზრი, რომლითაც შემძენი ვალდებულია შეამოწმოს გამსხვისებლის უფლება, დღეისათვის საკმაოდ აქტუალურია, მით უმეტეს, უძრავი ნივთის მიმართ, რომელზეც საკუთრების უფლება გადადის მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. საერთოდ, სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემა, უფლების გადასვლა უძრავ ქონებაზე, შემოღებულია ყველა უფლების გამჭვირვალობის მიზნით უძრავ ქონებაზე, და საბოლოოდ, გამოირიცხოს ვინდიკაციის შეზღუდვის შემთხვევები უძრავ ქონებაზე. უძრავი ქონების მიმართ სარეგისტრაციო წესრიგს შემოაქვს მესაკუთრეების პირდაპირი აღწერა, რის შედეგად ყველა პრეზუმფციები, რომლებსაც ახლა ეწინააღმდეგება უტყუარი მტკიცებულებები, კარგავენ აზრს. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს ქონებაზე უფლების წარმოშობასა და სახელმწიფოს მიერ საჯარო აქტით დადასტურების გზით გარანტირებულს ხდის უფლების ნამდვილობას. სამოქალაქო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის აქტი – ეს არის საჯარო დადასტურება სამოქალაქო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების ნამდვილობისა.
სტატიაში ასევე საუბარია „უმცირესი ბოროტების“ თეორიის არსზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ერთი მხარის სასარგებლოდ, მეორე მხარეს მოუტანოს, რაც შეიძლება მცირე ზიანი, ე. ი. დავა წყდება იმ მხარის სასარგებლოდ, რომელსაც უფრო ნაკლები შანსი აქვს დაიცვას თავისი ქონებრივი ინტერესები არაკეთილსინდისიერი გამსხვისებლის ხარჯზე და ა.შ.