თორღვა პანკელი-კოხტასთავის შეთქმულების გმირი თუ ქართული სახელმწიფოს მოღალატე!?

Main Article Content

ნანა ციხისთავი
თამარ კოპალეიშვილი

ანოტაცია

საქართველოს ისტორიულ წარსულში არიან ისტორიული პირები, რომელთა შესახებაც გვაქვს დღემდე შემორჩენილი საინტერესო ფაქტები და მონაცემები, მაგრამ არ არის სიღრმისეულად შესწავლილი მათი წვლილი და, ასევე, როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. პირიქით, მივიწყებული და დაკნინებულია მათი სახელები და მოღვაწეობა. ასეთი ისტორიული პირები საკმაო რაოდენობითაა საქართველოს წარსულ ისტორიაში და მათ შორისაა მე-13 საუკუნის საინტერესო პერსონაჟი – თორღვა პანკელი, რომელიც პანკისის ციხის მფლობელადაა მოხსენიებული.


თორღვა პანკელი თავისი ბობოქარი, მაგრამ იდუმალებით მოცული თავგადასავლით იქცევს ჩვენს ყურადღებას. ჯერ იყო და მონღოლთა წინააღმდეგ კოხტაგორის შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა. მერე ხელისუფლებას განუდგა და პანკისის საერისთავოს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ზოგიერთი ცნობით, მონღოლი დედოფლის, ჯიგდახათუნისა და მესტუმრე ჯიქურის ბრძანებით კლდიდან ისროლეს და მოკლეს.


ამგვარად, თორღვა პანკელი, პანკისის ერისთავი, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე, პანკისის ციხის მფლობელი, დაახლოებული პირი იმდროინდელი არისტოკრატიული საზოგადოებისა, თვითონაც ლეგენდარული პირი, მოხსენიებული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, როგორც გმირი, ფაქტობრივად, იმ ეპოქის ერთ-ერთი რაინდი იღუპება, როგორც მეფის მოღალატე და მას დედოფალი ჯიგდახათუნი გამოუტანს სასიკვდილო ვერდიქტს – მსახურის-მესტუმრე ჯიქურის ხელით. ამის თაობაზე იმ პერიოდის მემატიანეები დუმან. არადა, ეს პიროვნება გმირადაა შერაცხული ხალხურ თქმულებებსა და ლეგენდებში და მისი ცხოვრების ასეთი ბოლო ძალიან გაუგებარია.


დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მე-13 საუკუნის შუა ხანებში ძირეული გარდატეხა ხდება არა მხოლოდ სახელმწიფოს შიდა და საგარეო საქმეებში, არამედ ქართულ საზოგადოებაშიც. თუ რუსუდან დედოფლის გარდაცვალების შემდგომ, ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ კოხტასთავის შეთქმულების გმირები და მათ შორის თორღვა პანკელი, რომლის სახელიც სხვა გმირებთან ერთად ლეგენდებშიც მოიხსენიებოდა, ორმეფობის (დავით ულუსა და დავით ნარინის გამეფების დროს) პერიოდში, გამომდინარე მონღოლთა წესის დამკვიდრებიდან, ხელისუფლების მიერ აღზევდნენ დაბალი თანამდებობის პირები და ისინი წყვეტდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებს. ამიტომ ამ სიტუაციაში არც მემატიანეების მიერ დატოვებული მრავალფეროვანი მასალები გვაქვს ამ დაფარული ისტორიის შესახებ და ზოგადად ამ ფაქტის გარშემო შემორჩენილ წყაროებში ძირითადად ცენტრალური ხელისუფლებაა გამართლებული.

საკვანძო სიტყვები:
პანკისის ციხე, თორღვა პანკელი, დავით ულუ, ჯიგდახათუნი, მესტუმრე ჯიქური, კოხტასთავი
გამოქვეყნებული: Dec 29, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება