აგრესიის კვლევა და ტიპოლოგია
Main Article Content
ანოტაცია
სტატია ეხება აგრესიის ფორმების, ვექტორებისა და ინტენსივობის კვლევას ტიპოლოგიი ჭრილში.
ტიპოლოგიის კვლევისთვის მოვიაზრეთ კ. იუნგის მიერ შემოტანილი და ჰ. აიზენკის მიერ ექსპერიმენტულად დამუშავებული ინტროვერსია-ექსტროვერსიის ტიპოლოგია. ინტროვერსია-ექსტროვერსია არის კონტინუუმი, სადაც თითოეული ადამიანი კონკრეტულ წერტილზე განთავსდება. ამის შესაბამისად, სკალაზე 7 ჯგუფი გამოიყოფა: ტიპური ინტროვერტი, ძლიერად გამოხატული ინტროვერტი, სუსტად გამოხატული ინტროვერტი, შერეული ტიპი, სუსტად გამოხატული ექსტროვერტი, ძლიერად გამოხატული ექსტროვერტი და ტიპური ექსტროვერტი.
აგრესიის შესასწავლად ავიღეთ ბასისა და დარკის კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც სწავლობს სხვადასხვა ფორმის, ინტენსივობისა და ვექტორის აგრესიას. გამოიყოფა აგრესიის 8 ფორმა. აქედან ჰეტეროაგრესიის ფორმებია: ფიზიკური, ირიბი, ვერბალური აგრესია და ნეგატივიზმი, ხოლო აუტოაგრესიის ფორმებია: გაღიზიანება, ეჭვიანობა, წყენა და დანაშაულის განცდა.
ინტერესიდან გამომდინარე, კვლევის ჰიპოთეზაა: ექსტროვერტი გამოხატული, გარეთ ორიენტირებული ტიპია, ამიტომ მისთვის გარე ვექტორის აგრესია (ჰეტეროაგრესია) უნდა იყოს დამახასიათებელი, ხოლო ინტროვერტი, რომელიც შიგნით ორიენტირებული ტიპია, მისთვის აგრესიის ვექტორი შიგნით უნდა იყოს მიმართული (აუტოაგრესია).
კვლევის შედეგად ნაწილობრივ გამართლდა ჩვენი ჰიპოთეზა. ექსტროვერსიისთვის ტენდენციურია ჰეტეროაგრესიის ყველა ფორმა: ფიზიკური, ირიბი, ვერბალური აგრესია და ნეგატივიზმი. ტიპების მიხედვით სხვაობა დადგინდა t-test-ითა და დისპერსიული ანალიზით, ასევე აშკარად გამოჩნდა აღნიშნული ტენდენცია კორელაციური ანალიზითაც. რაც შეეხება ინტროვერსიას, მიუხედავად იმისა, რომ ინტროვერტებისთვის წამყვანია აუტოაგრესიის შემდეგი ფორმები: გაღიზიანება და დანაშაულის განცდა, ტიპებს შორის
t-test-ით მხოლოდ ერთ ჯგუფში მივიღეთ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გაღიზიანების თვალსაზრისით ინტროვერტების მხარეს, დანაშაულის განცდის მიხედვით კი – არა. აღმოჩნდა, რომ დანაშაულის განცდა ზოგადად მაღალია ორივე ტიპისთვის ნორმატიულ მაჩვენებელთან მიმართებაში.