სამომხმარებლო ქცევის კანონზომიერებათა გამოკვლევა
Main Article Content
ანოტაცია
მარკეტინგის სისტემაში მოხმარების ადგილის საერთო შინაარსის განსაზღვრით ვიხილავთ კვლევის იმ სფეროებს, სადაც მომხმარებლის აქტიური როლი ვლინდება. მომხმარებლის ქცევა, როგორც მარკეტინგის შესწავლის ერთ-ერთი მიმართულება, პასუხობს მოხმარების აქტიური როლის გამოკვლევას საბაზრო ეკონომიკაში. მარჟინალიზმის წარმომადგენლებმა მოხმარების პრობლემას ჩაუყარეს თეორიული საფუძველი, რომლის ბაზაზე ვითარდება შეხედულებები სამომხმარებლო ქცევის მიზნებსა და ამოცანებზე თანამედროვე მარკეტინგში. ეს მემკვიდრეობა, მოკლედ რომ ვთქვათ, რაციონალური ქცევის თეორიამდე დაიყვანება, როგორც არჩევის ოპტიმიზაციის საფუძველი რესურსების უკმარისობის პირობებში.
მომხმარებელთა ქცევები მარკეტინგული კვლევის შემადგენელი ნაწილია და არა თვითმიზანი. მარკეტინგულ ასპექტში სამომხმარებლო ქცევა, ეს, პირველ რიგში, მომხმარებლის მზადყოფნის შეფასებაა ყიდვის პროცესში, როგორც მთლიანად, ასევე ყიდვის შესახებ რიგი ობიექტურ-სუბიექტური ფაქტორების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გავლენის თვალსაზრისით. სამომხმარებლო ქცევის სიღრმისეული კვლევის გზაზე გარკვეული ნაბიჯები აქვთ გადადგმული ა. დაიანს, ჟ. ჟ. ლამბენს, ჯ. ხიკსის, ვ. პარეტოს, ფ. კოტლერს და სხვა მეცნიერებს, რომელთა ნაშრომებში დამუშავებულია უდიდესი საკვლევი მასალა, სამომხმარებლო ქცევის შესახებ თავმოყრილია ეკონომისტების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების ბოლო წლების მეცნიერული აზრი. ამასთან, სწორედ ესენი დომინირებენ, როგორც ყიდვის აქტის განმახორციელებელი გადაწყვეტის პროცესის იდეის მოდელირების შემქმნელნი.
სამომხმარებლო ქცევის კანონზომიერებათა გამოკვლევა კვლევა რჩება აქტუალურ პრობლემად. პირველ რიგში, მთლიანად მოხმარების ეკონომიკის სუსტი დამუშავების გამო. დამუშავების დონე სამომხმარებლო ქცევის დარგში ჯერ კიდევ არ იძლევა დასრულებული ამოცანის მთლიანად გადაჭრის საშუალებას.
ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ არის რაციონალური და არარაციონალური მოტივების გამოკვეთილი შეფასება. ყოველივე ეს იმყოფება საპროგნოზო (რაციონალური) ქცევის მოდელების საზღვრებს მიღმა გამოცხადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევების ობიექტად. არ არსებობს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის აღწერა იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ყალიბდება სამომხმარებლო შეკვეთა, ე. ი. მოხმარების ფიქსირებული რაოდენობრივი მდგომარეობა. არ არსებობს მოდელები, რომლებიც იკვლევენ მარკეტინგული ზემოქმედების ეფექტიანობას საქონლის მოძრაობის მსვლელობაზე კონკურენტულ გარემოში, ანუ, საქონლის კონკურენტუნარიანობის მართვის მოდელი, სამომხმარებლო ქცევის კანონზომიერებათა გათვალისწინებით.